კოალიცია ძლიერი საქართველო კომენტარს აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალზე ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის ფაქტზე მათი კოალიციის წევრი, საპარლამენტო სიის 53-ე ნომერი დავით ფერაძე დააკავეს.
კოალიციაში ფორმულას უთხრეს, რომ გმობენ ყოველგვარ ძალადობას და შსს-ს სასწრაფო და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს.
ასევე ამბობენ, რომ კოალიცია მზადაა, მიიღოს ყველა საჭირო პოლიტიკური ზომა მას შემდეგ, რაც ობიექტური გამოძიების შედეგები იქნება.
"გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. როგორც სამართალდამცავი ორგანოებისგან ვიცით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ისინი ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს და ჩვენც მათგან ველოდებით ინფორმაციას.
ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალოვან უწყებებს მოვუწოდებთ ფაქტის სასწრაფოდ და ობიექტურად გამოძიებისკენ. ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველოდებით შესაბამის საგამოძიებო დასკვნას.
ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველა სჭირო პოლიტიკური ზომები, მას შემდეგ, რაც ობიექტური გამოძიების შედეგები იარსებებს", - ნათქვამია კოალიციის კომენტარში.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალზე ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ძლიერი საქართველოს საპარლამენტო სიის წევრი დავით ფერაძე დააკავეს. ის ძლიერი საქართველოს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერია.